უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი

Ucha

1996 წელს მან დაამთავრა თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, 1999 წელს მან დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართალმცოდნის სპეციალობით, 2005 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა.
2010-2012 წლებში იყო ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავჯდომარე, 2007-2012 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი, 2003-2004 წლებში იყო საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის ლექტორი, 2000-2002 წლებში იყო თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ლექტორი, 1996–2007 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრში.

რელიზი

2014 წლის 8 ივნისს კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში „ჰაიარტუნ“ შედგა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან, ბატონ უჩა ნანუაშვილთან.

შეხვედრა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განხილვასა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებათა დარღვევის ფაქტებს მიეძღვნა

შეხვედრა გაიმართა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „პოლიტიკური მონაწილეობა დიალოგის გზით“. პროექტის ვებ-გვერდია: www.ardzagank.ge

სახალხო დამცველმა შეაჯამა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში, რის შემდეგაც დამსწრე აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. ბატონმა უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს. დაბალია მათი წარმომადგენლობის დონე, როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში. მიუხედავად ამისა აღნიშნული მიმართულებით რაიმე სერიოზული ზომები არ იქნა მიღებული.

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, საბჭოთა პერიოდში ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის (სომეხთა სამოციქულო, კათოლიკური, იუდაური და მუსულმანური თემები) მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ სახსრების გამოყოფასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს საკმარისი და აუცილებელია დიალოგის გაგრძელება, რათა, დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ყოფნის აღქმა არავის გაუჩნდეს. აუცილებელია ამ საკითხების საჯარო განხილვა, რომელშიც უშუალოდ უმცირესობათა წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩართული.

ცალკე აღინიშნა სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული საკითხები. მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, ამ სფეროშიც მდგომარეობა საკმაოდ რთულია. აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების მიღება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიზნით, განსაკუთრებით მათი, ვინც რეგიონებში კომპაქტურად ცხოვრობს.

სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოხატეს სახელმწიფოს მიერ საბჭოთა პერიოდში სომეხთა ეპარქიისაგანა ჩამორთმეული ტაძრებისა და სხვა ქონების დაუბრუნებლობის გამო. ომბუდსმენმა დასძინა, რომ ეს პრობლემა აისახება მის ყოველწლიურ ანგარიშში.

სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა მხრიდან ასევე აღინიშნა კერძო აზერბაიჯანული კომპანიების მიერ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეების დისკრიმინაცია და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელთა საქართველოს საშინაო საქმეებში საქმეებში ჩარევის ფაქტები. ომბუდსმენის თქმით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებამდე მას არ შეეძლო კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევა, ხოლო კანონის მიღების შემდეგ კი მას შეუძლია ებრძოლოს დისკრიმინაციას, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიებში.

საქართველოს პილოტთა ასოციაციის თავჯდომარემ, ბატონმა ალბერტ ნურბეკიანმა აღნიშნა, რომ მას ეთნიკური ნიშნით უარი ეთქმის შესაბამისი პენსიის მიღებაზე, მაშინ, როდესაც მისი ეკიპაჟის 7 წევრი იღებს სათანადო პენსიას. სახალხო დამცველმა მოითხოვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და საკითხის შესწავლას დაპირდა.

ვიდეო

ფოტო

Banner Ardzagank Georgian