პროექტის შესახებ

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან. ეს გამოწვეულია პოლიტიკურ პროცესებში მათი არასათანადო მონაწილეობითა და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების  სახელმწიფო ენის ცოდნის ნაკლებობით. ქვეყნის მედია სივრცე განიცდის ეროვნული უმცირესობების ენაზე  ან სპეციალურად ამ მიზნობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი მედია-პროდუქციის ნაკლებობას.
ეს ვითარება გარკვეულწილად იცვლება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც პოლიტიკური სუბიექტები მეტ ყურადღებას უთმობენ ეროვნული უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხს. თუმცა, ამგვარი ინფორმაცია, როგორც წესი, პოლიტიკური აგიტაციის ხასიათს ატარებს და დროის შეზღუდული პერიოდისთვის არის განკუთვნილი.
პროექტის - „პოლიტიკური მონაწილეობა დიალოგის გზით“ განხორციელება, მიზნად ისახავს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესებისა და მათი ინტერპრეტაციის შესახებ საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეების ინფორმირებულობის დონის გაზრდის ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს დიალოგის პლატფორმა, რომელშიც ერთის მხრივ საქართველოს პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეები მონაწილეობენ. საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეებს, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან, მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდება ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მათი ინტერპრეტაციის შესახებ. ამასთანავე, ხდება პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და დიპლომატების ინფორმირება, საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე.
პროექტს „პოლიტიკური მონაწილეობა დიალოგის გზით“, მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.

Banner Ardzagank Georgian