პაატა ზაქარეიშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშიZakareishvili

1984 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1993 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია.

1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი. 1992-1997 წლებში იყო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი. 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე. 1995-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი. 2000-2001 წლებში ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი.
1995-1997 წლებში იყო "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი. 1995-2012 წლებში იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი. 1998-2012 იყო "შერიგების რესურსების" (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან და "შლაინინგის პროცესის" ქართული მხარის კოორდინატორი. 2000-2004 წლებში გახდა "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC).

 

რელიზი

2014 წლის 17 ივნისს კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში „ჰაიარტუნ“ შედგა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან.

შეხვედრა მიეძღვნა ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური უმცირესობებისა და კონფლიქტური რეგიონების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხილვას.

შეხვედრა გაიმართა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა პოლიტიკური მონაწილეობა დიალოგის გზით. პროექტის ვებ-გვერდია: wwwardzagank.ge

ბატონმა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, საბჭოთა პერიოდში ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის (სომეხთა სამოციქულო, კათოლიკური, იუდაური და მუსულმანური თემები) მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ. მან აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას უნაზღაურდებოდა მიყენებული ზარალი, არ იყო სწორი. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიღებულ იქნა რელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერის გადაწყვეტილება და ამ მიზნით შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. მან ასევე აღნიშნა, რომ დღის წესრიგში რჩება რელიგიური ორგანიზაციების არასადაო ქონების დაბრუნების საკითხი. უფრო მეტიც, არსებობს სადავო საკითხები და სახელმწიფომ უნდა განიხილოს მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო საკითხები და მიიღოს მათი ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება.

იდენტობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ენა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებები იკისრა, რომელთა შესრულება უნდა მოხდეს.

კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით მინისტრმა დასძინა, რომ ამ სფეროში ვითარება საკმაოდ რთულია. საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის წახალისება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ქვეყნის დემოკრატიზაციასთან და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა მხრიდან ხაზი გაესვა სახალხო დიპლომატიის აუცილებლობას.

საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა მიერ ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, მათი პროტესტი საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა მიერ შუშის განთავისუფლების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლების პასიურობა მესამე ქვეყნის მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გაპროტესტების საქმეში. პასუხად მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიება მოეწყო და სახელმწიფო წინააღმდეგი რომ ყოფილიყო მისი ორგანიზება შეუძლებელი იქნებოდა. სახელმწიფოს ინტერესებში არ იყო მოქალაქეთა მიერ თარიღის აღნიშვნის დაუშვებლობა, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და სახელმწიფო არ ზღუდავს მოქალაქეებს მათი შეხედულებები და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში, თუკი ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული.

მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ელოდება მინსკის ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და საქართველოს პოზიცია განსხვავდება ზოგიერთი სხვა ქვეყნის პოზიციისაგან, ვინაიდან, როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი საქართველოს მეზობლები და მეგობრული ქვეყნები არიან. საქართველოს სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ, მათ შორის სხვა ქვეყნებში მომხდარ პროცესებთან დაკავშირებითაც, ხოლო სახელმწიფო პატივისცემით ეკიდება გამოხატვის თავისუფლებას. მომავალში უმჯობესი იქნება იმ სახელმწიფო ორგანოების წინასწარ ინფორმირება, რომელთაც მოქალაქეთა დაცვა ევალებათ.

სათვისტომოს წარმომადგენლებმა სომეხთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების პრობლემაც აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა დასძინა, რომ მიუხედავად ამგვარი გამონათქვამების მიუღებლობისა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფოს არ შეუძლია ამგვარი ქმედების დასჯა.

მინისტრს ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეების დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ. ამასთან დაკავშირებით მან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა და რეაგირებას დაპირდა.

საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა მხრიდან უკმაყოფილება იქნა გამოხატული სომეხთა ეპარქიისაგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ტაძრებთან დაკავშირებით. ვინაიდან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათზე პრეტენზიას აცხადებს, ტაძრები ე.წ. სადავო ეკლესიებად არის აღიარებული და საქართველოს ხელისუფლება არის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ერთგვარი „მძევალი“ სომეხთა ეპარქიისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ტაძრების დაბრუნების საქმეში. მინისტრმა დასძინა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტაძარი საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და სახელმწიფოს მისი დაცვა ევალება. ამ ეტაპზე სახელმწიფოსთვის ტაძრების შენარჩუნება არის პრიორიტეტული. ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია, თუ ვის ეკუთვნის ეს ტაძრები და ისინი მეპატრონეს უნდა დაუბრუნდეს და რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც ტაძრების კუთვნილების საკითხი გადაწყდება.

ვიდეო

ფოტო

View the embedded image gallery online at:
http://ardzagank.ge/ka/12#sigProGalleria2c84df4531

Banner Ardzagank Georgian